ხელმოცარული ნიკო

1882 წელს ნიკო ფიროსმანაშვილმა მხატვარ გიგო ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფირნიშების დამამზადებელი ფერწერული სახელოსნო, მაგრამ მალე გაკოტრდა. ხელმოცარულმა მხატვარმა თავი რკინიგზას შეაფარა. მან ამიერკავკასიის რკინიგზაზე საბარგო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად დაიწყო მუშაობა. მძიმე სამუშაო პირობებისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო, დაავადმყოფებული ნიკო 4 წლის შემდეგ, 1893წ. ბოლოს იძულებული შეიქმნა თავი დაენებებინა რკინიგზაზე მუშაობისათვის. შემდგომ მან ბედი რძითა და რძის ნაწარმით ვაჭრობაში სცადა, მაგრამ ამ საქმესაც გული ვერ დაუდო. მას ცხოვრებაში მხოლოდ მხატვრობა იზიდავდა. ფიროსმანმა დაკვეთით ხატვა დაიწყო . სურათების დამკვეთნი იყვნენ უპირატესად სამიკიტნოების, დუქნების და ღვინის სარდაფთა მეპატრონენი; მხატვარი მათთვის ასრულებდა ფირნიშებს, დაზგურ სურათებს, კედლის მოხატულობას. არასოდეს ამბობდა უარს უბრალო სამუშაოზეც- კედლის თუ კარ-ფანჯრების შეღებვაზე, ფარნზე ნომრის დაწერაზე. მუდმივი საცხოვრებელი მხატვარს არ ჰქონდა. ჩვეულებრივ სარდაფებში, კიბისქვეშა სათავსოებში და სხვა მსგავს ადგილებში ბინადრობდა, ზოგჯერ ნაცნობ მედუქნეებთან და ქალაქის გარეუბნების საქეიფო “ბაღებში”. მხატვრობაზე უსაზღვროდ შეყვარებული ნიკო თავისი შრომის სიმბოლური ანაზღაურებით კმაყოფილდებოდა და მთელ ცხოვრებას უკიდურეს სიღარიბეში ატარებდა.